ენმ-ის გაყოფა

ბოკუჩავა: ენმ-ისთვის პარლამენტიც მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პარტიის გაყოფას აფასებს. ბოკუჩავა ამბობს, რომ "ენმ გააგრძელებს საქმიანობას პარლამენტში, რადგან ესეც მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება". მისივე თქმით, ენმ-ს ეყოლება ფრაქცია პარლამენტში.

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ბოკერიას გუნდმა ახალი პოლიტიკური ცხოვრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლანძღვით დაიწყო. ეს, სამწუხაროდ, ძალიან გავდა ივანიშვილის სიტყვებს და საუბარს. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი ლანძღვის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ენმ გააგრძელებს საქმიანობას პარლამენტშიც, რადგან ვფიქრობ, რომე ესეც მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს. თუმცა, ცხადია, სხვა პლატფორმებსაც გამვიყენებთ იმისთვის, რომ მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის. მართლაც, ენმ არის ერთადერთი ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, რომ საბოლოოდ დაამარცხოს ივანიშვილის რეჟიმი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეყოლება ფრაქცია პარლამენტში და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას", - თქვა ბოკუჩავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გაიყო. ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს პარლამენტის 21 დეპუტატი. პარტიაში რჩება 5 დეპუტატი. პარლამენტის ერთ წევრს, აზერ სულეიმანოვს, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია, დარჩება ენმ-ში თუ გადავა ახალ პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები დააფუძნებენ.

ასევე, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ტოვებს 27 წევრი.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები