რეფერენდუმი იტალიაში

რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი გადადგა

მატეო რენცი
EPA

იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ გამართული რეფერენდუმის შემდეგ, პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა.

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმის ინიციატორი, სწორედ მატეო რენცი გახლდათ. იტალიელებმა ხმების 60 %-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი თქვეს.

"ყველას წარმატებას ვუსურვებ. ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში მოვიწვევ მინისტრებს, შემდეგ შევხვდები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ", - განაცხადა რენციმ.

რეფერენდუმის წინ მატეო რენციმ არაერთხელ აღნიშნა, რომ დამარცხების შემთხვევაში პრემიერმინისტრის თანამდებობას დატოვებდა.

რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. სენატის შემადგენლობაში კი, 21 მერი, 74 რეგიონული მრჩეველი და 5 სენატორი შევიდოდა, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა. რეფორმა ასევე, რეგიონების უფლებებამოსილების შემცირებასაც ითვალისწინებდა: რეფორმის შემდეგ, ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო.

რეფორმის მოწინააღმდეგეთა კამპანიას ანტიიმიგრაციული იდეების მქონე პარტია ჩრდილოეთის ლიგა და პოპულისტური მოძრაობა ხუთი ვარსკვლავი ხელმძღვანელობდნენ. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხუთი ვარსკვლავის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუიჯი დი მაიომ აღნიშნა, რომ მისი მოძრაობა მზად არის ქვეყნის სათავეში მოსასვლელად. ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იტალიის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაა.

კომენტარები