საქართველოს პარლამენტი

რომელ მინისტრს უჭერს მხარს პატრიოტთა ალიანსი და რომელს - არა

ტაბულა

ფრაქცია პატრიოტები ამ წუთებში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა დაასახელა, მისი ფრაქცია მინისტრობის რომელ კანდიდატებს უჭერს მხარს და რომელს - არა.

კერძოდ, ირმა ინაშვილის თქმით, "ძალიან კომპეტენტურია თეა წულუკიანი, ის ძალიან კარგად უძღვება სამინისტროს, მის საქმიანობას და იმ ურთულეს რეფორმებს, რაც ამ სფეროში ვითარდება". პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ასევე მხარს უჭერს სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატს კახი კახიშვილს. მისი თქმით, "კახიშვილის საქმიანობა იყო ძალიან რთული და ნოვატორული". ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის პროგრამის გამო, მისი ფრაქცია მხარს უჭერს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს. 

"ასევე, კონკრეტული პოზიცია გვაქვს - ვის არ ვუჭერთ მხარს", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ფრაქცია პატრიოტების დეპუტატმა თქვა, რომ ის მხარს არ დაუჭერს კულტურის მინისტრობის კანდიდატს. მან მიხეილ გიორგაძეს უთხრა, რომ მთავარი თემა საყდრისია. "როცა აგებთ პასუხს და ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ, იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არა", - მიმართა მან გიორგაძეს.

ირმა ინაშვილმა განათლების მინისტრი ქართული ზღაპრების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან, "უხერხული იყო ქართული ზღაპრების რევიზია". ინაშვილის თქმით, "იმის ნაცვლად, რომ ვუნერგავდეთ ჩვენი ზღაპრების და ეროვნული გმირების სიყვარულს, ამას ვაკნინებთ". მას აინტერესებს, "შენარჩუნდება თუ არა ეროვნული ღირებულებები განათლების სისტემაში".

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ასევე თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს. ინაშვილმა გიგლა აგულაშვილი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. "თქვენ ფიქრობთ, რომ გადარჩით, მაგრამ ისევე, როგორც მიშა გიორგაძე, თქვენც აგებთ პასუხს, დრო მოვა", - მიმართა ინაშვილმა მინისტრობის კანდიდატს.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს რეგიონული ინფრასტრუქტურის და განვითარების მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს. ირმა ინაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი არ ყოფილა.

"მე თქვენ ნდობას ვერ გამოგიცხადებთ, რადგან თავიდანვე ტყუილით იწყებთ თქვენს კარიერას", - მიმართა ინაშვილმა ალავიძეს.

გარდა ამისა, ირმა ინაშვილს კითხვები აქვს შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებთან. ფრაქცია პატრიოტების შეფასებით, "სრული განუკითხაობაა ინტერნეტდანაშაულის მხრივ". ინაშვილმა გიორგი მღებრიშვილის მიმართა, ინტერნეტში "პირადი ღირსების შელახვა" გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული.

"როცა მემუქრებიან, როცა პირად ღირსებას მილახავენ, ეს არის დანაშაული, მე ვარ ის ადამიანი, ვინც უკიდეგანო ლანძღვის და ფურთხის ობიექტი გავხდი", - ამბობს ინაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი ფრაქცია შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას აპირებს.

ირმა ინაშვილს კახა კალაძესთან ჰესებთან დაკავშირებით აქვს კითხვა, ხოლო იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს სთხოვს, ID ბარათის ალტერნატივა დაუშვას.

ამასთან, ფრაქციის კიდევ ერთი წევრის ადა მარშანიას თქმით, კომპეტენცია აკლია შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი მთავრობის მთლიან შემადგენლობას უცხადებს ნდობას და არა ცალკეულ მინისტრებს. რიგგარეშე სესია, სადაც მინისტრობის კანდიდატებს კენჭს უყრიან, ხვალ, 12:00-ზე გაიხსნება.

კომენტარები