არჩევნები 2016

საია: ინტერესთა კონფლიქტის გამო, კვირიკაშვილს დეპუტატის მანდატი უნდა შეუჩერდეს

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ პარლამენტმა ქართული ოცნების პირველ ნომერს და მოქმედ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი პირი, რომელსაც ერთდროულად საარჩევნო სიაში და მთავრობაში ყოფნის უფლება ჰქონდა, პრემიერი იყო. იმის გამო, რომ დღეს ახალი პარლამენტის უფლებამოსილების გამოცხადებისთანავე კვირიკაშვილი ორ, კანონმდებლობით შეუთავსებელ პოზიციას დაიკავებს - დეპუტატის მანდატსა და პრემიერის პოსტს, აუცილებელია, რომ მას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს. 

"კანონმდებლობამ შექმნა ამ ტიპის მდგომარეობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი მოხდება პარლამენტის შეკრება, მაშინვე პირველივე საკითხად იყოს განხილული პრემიერის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი, რადგანაც ეს ორი თანამდებობა ერთმანეთთან შეთავსებადი არაა, ამიტომ პარლამენტის შეკრებისთანავე ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან პრობლემას თავიდან ავიცილებთ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები