სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი

გასეევი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროებს შეეძლებათ, რუსეთის არმიაში იმსახურონ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო

წლის ბოლომდე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ოს სამხედროებს შეეძლებათ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იმსახურონ. ამის შესახებ რუსულ სააგენტოს ТАСС-ს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, იბრაგიმ გასეევმა უთხრა.

"ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით რუს კოლეგებთან ერთად საერთო აზრამდე მივიდით. ჩვენთან უწყებათაშორისი შეთანხმება უკვე შედგა, ახლა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხელი მოეწერება შეთანხმებას. ამას ამავე წელს ველით", - თქვა გასეევმა.

იბრაგიმ გასეევის თქმით, ოს სამხედროებს შეეძლებათ, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადენლობაში იმსახურონ. გასეევის განმარტებით, ეს კარგი იქნება მათი კარიერული ზრდისთვის.

"ადრე ეს შეუძლებელი იყო. ახალგაზრდა ოფიცრებს, რომლებმაც სამხედრო სასწავლებელი რუსეთში დაამთავრეს, შეეძლებათ, რუსეთის არმიაში შესაბამის თანამდებობებზე იმსახურონ. ეს შესაძლებლობაა მათი კარიერული ზრდისთვის", - თქვა გასეევმა.

იბრაგიმ გასეევის ცნობითვე, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ნაციონალური შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც იგეგმება.

კომენტარები