სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი

თიბილოვი: რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი აგვისტომდე ჩატარდება

RIA Novosti

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტომდე გეგმავს.

"ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა არ შემიძლია, თუმცა რეფერენდუმი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება", - თქვა თიბილოვმა.

ე.წ. პრეზიდენტის განმარტებით, რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის კონსტიტუციაში იმ მუხლის შესწორებასთან დაკავშირებით ჩატარდება, რომელიც მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკას შესაძლებლობას მისცემს, რუსეთს მათ შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ.

"ამ ეტაპზე მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გვინდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი სერიოზული პოლიტიკური რისკების წინაშე დავაყენოთ. მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მეათე მუხლში, რომელიც პრეზიდენტს მისცემს უფლებას, პარლამენტის თანხმობით რუსეთს მიმართოს თხოვნით, განიხილოს ჩვენი მათ შემადგენლობაში შესვლა", - აღნიშნა თიბილოვმა.

თიბილოვის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა რუსეთს აირჩევს. მან 1992 წელს ჩატარებული რეფერენდუმიც გაიხსენა, როდესაც მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აირჩია, თუმცა ეს მაშინ არ მოხერხდა. თიბილოვის განცხადებით, ანალოგიური შედეგებით დასრულდა 2006 წელს ჩატარებული ე.წ. პლებისციტიც.

კომენტარები