ტრანსპორტი

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი
facebook.com/AirportsGeorgia

საქართველოს აეროპორტებმა 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 2.18 მილიონი მგზავრი გაატარეს, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გატარებული მგზავრების ყველაზე დიდი წილი - 79% თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, 12%-ით მეორე ადგილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, 8%-ით კი მესამე ადგილზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმყოფება. ავიაკომპანიებიდან პირველ ადგილზე Turkish Airlines-იმყოფება, კომპანიამ წელს უკვე 350 ათასი მგზავრი გადაიყვანა, 100 ათასი გადაყვანილი მგზავრით მეორე ადგილზეა Georgian Airways. 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:


ფოტო: wikimedia.org

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ჯამში აეროპორტი 1.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა. თბილისიდან ყველაზე მეტ - 280 ათას მგზავრს Turkish Airlines მოემსახურა, 184 ათასი გადაყვანილი მგზავრით მეორე ადგილზე Georgian Airways-ია. თბილისიდან შესრულებული რეისების ყველაზე დიდი წილი სტამბოლის მიმართულებაზე მოდის, აეროპორტი ამ მიმართულების 403 ათას მგზავრს მოემსახურა. 301 ათასი მგზავრით მეორე ადგილზე თბილისი-მოსკოვი, მოსკოვი-თბილისის მიმართულება მოდის. აეროპორტში 31 ავიაკომპანია ოპერირებს, ისინი ჯამში 36 მიმართულებით დაფრინავენ.

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:


ფოტო: airnav.ge

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა წელს 45%-ით გაიზარდა, აეროპორტი 9 თვეში 260 ათას მგზავრს მოემსახურა. ბათუმიდან ყველაზე მეტ - 69 ათას მგზავრს Turkish Airlines მოემსახურა, 34 ათასი გადაყვანილი მგზავრით მეორე ადგილზე უკრაინული Yan Air იმყოფება, 33 ათასი გადაყვანილი მგზავრით კი მესამე ადგილზე ურალის ავიახაზები გავიდა. რეისების მიმართულებებს შორის კი 69 ათასი მგზავრით პირველ ადგილზე ბათუმი-სტამბოლის რეისია, 43 ათასი გადაყვანილი მგზავრით კი მეორე ადგილზე ბათუმი-თელ ავივის რეისი იმყოფება. ბათუმის აეროპორტში 16 ავიაკომპანია დაფრინავს, ისინი 15 მიმართულებით ასრულებენ რეისებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:

დავით აღმაშენებლბის სახელობის ქუთაისის აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი
ფოტო: facebook.com/AirportsGeorgia

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა წელს 25%-ით გაიზარდა, ჯამში აეროპორტი 182 ათას მგზავრს მოემსახურა. ქუთაისიდან ყველაზე მეტ 82 ათას მგზავრს Wizz Air-ი მოემსახურა, 72 ათასი მგზავრით მეორე ადგილზე უკრაინის ავიახაზები გავიდა, გადაყვანილი 9 ათასი მგზავრით მესამე ადგილზე ურალის ავიახაზებია. რეისების მიხედვით ყველაზე მეტი - 51 ათასი მგზავრი ქუთაისი-კიევის მიმართულებას ჰყავდა, 24 ათასი მგზავრი კი - ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებას. ქუთაისში 4 ავიაკომპანია ოპერირებს, ისინი 15 მიმართულებით ასრულებენ რეისებს. 

მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტი


ფოტო: airnav.ge

წლის პირველ ცხრა თვეში მესტიის აეროპორტი 129 რეისს მოემსახურა, მგზავრთა რაოდენობამ კი 3.1 ათასი შეადგინა. აეროპორტის მიღებულ რეისებში მგზავრთა 44% უცხოეთის მოქალაქე იყო.

კომენტარები