არჩევნები 2016

სესიაშვილი: ივანიშვილთან ყველა შეხვედრაზე ვარ ნამყოფი და წასვლაზე არაფერი თქმულა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციას, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას აპირებს, ირაკლი სესიაშვილი ტაბულასთან საუბარში კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ის ივანიშვილთან ყველა შეხვედრაზეა ნამყოფი და მსგავსი საუბარი არასდროს ყოფილა.

"უიმე, დედა. ჯერ ერთი, არ მინახავს ნაციონალური მოძრაობის ეგ განცხადება. თუმცა, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ არ ყოფილა შეხვედრა, რომელსაც არ დავსწრებივარ. ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს, თითოეულ ჩვენგანს ამის სრული განცდა გვაქვს, ასეთი კითხვაც კი ბუნებაში ვერ დაისმებოდა იმდენად, რამდენადაც ჩვენს ძალებსა და გამარჯვებაში სრულიად დარწმუნებული ვართ", - თქვა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი ენმ-ის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ქართული ოცნება ოპოზიციაში დარჩეს.

"გიგა ბოკერიას ვურჩევ, აღიაროს რეალობა ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში. რეალობა ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა სრულიად გაკოტრებულია. რეალობა ისაა, რომ აპირებენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. თუ ვაჟკაცია და თუ სიმართლის თქმა უნდა, გამოვიდეს და რეალობა თქვას", - თქვა სესიაშვილმა.

კითხვაზე, თეორიულად მაინც თუ უშვებს ქართული ოცნება, რომ არჩევნები შეიძლება, წააგოს, სესიაშვილი პასუხობს, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია.

"სხვათაშორის, "თუ"-საც არ ვუშვებთ, იმდენად ვართ დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში. დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ და თუ-სი არ მეშინია. მოგება-წაგების საკითხი შეიძლება დამდგარიყო, როცა არჩევნები ყალბდებოდა და არჩევნებში წინა ხელისუფლება იყენებდა სხვადასხვა ძალისმიერ საშუალებას და ზემოქმედებას ამომრჩეველზე. დღეს ამომრჩეველი აბსოლუტურად თავისუფალია. შესაბამისად, ის, მათ შორის, კარდაკარის ჩატარების დროს აფიქსირებს თავისუფალ არჩევანს. ჩვენი მომხრეც იძახის, ვის უჭერს მხარს, მოწინააღმდეგეც იძახის, ვის უჭერს მხარს, ამიტომაც სურათი გვაქვს აბოლუტურად სუფთა და მკაფიო. ჩვენს შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალია. ყველამ ძალიან კარგად იცის, პირველ რიგში ჩვენმა ოპონენტებმა", - უპასუხა ტაბულას სესიაშვილმა.

ტაბულას კითხვას, რას აპირებთ არჩევნების წაგების შემთხვევაში, სესიაშვილი პასუხობს: "მე ამ ქვეყანაში დავიბადე, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ვემსახურები ქვეყანას ისე, როგორც წესი და რიგია და აქ ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. თუმცა, "თუ" არ დამდგარა დღის წესრიგში და არ დადგება".

კომენტარები