საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, "დღევანდელ ბიუროს სხდომას არ ესწრება ორგანიზებულად არა მხოლოდ უმცირესობა, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის ვითარებაშია, არამედ უმრავლესობაც". მან აღნიშნა, რომ სხდომაზე ქართული ოცნებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი - პაატა ბარათაშვილი და ვლადიმერ აჩბა მივიდა. 

"მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან - თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა პარლამენტის ისტორიაში, რომ უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს. საორგანიზაციო დეპარტამენტში რაიმე განცხადება - ვინ რატომ არ ესწრება - არ შემოსულა. წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკისთან, რომელთან ერთადაც გავიარეთ ის საკითხი, რაზეც უნდა შევკრებილიყავით და საქმის კურსში ყველა იყო. დღევანდელ სხდომას ვერ ჩავატარებთ, რადგან კვორუმთან ახლოსაც კი არ ვართ", - თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომა ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, 15:00-ზე ჩანიშნა.

"იმედია, კოლეგები შეგვატყობინებენ მაინც მათი არყოფნის მიზეზს და თავიანთ პოზიციას ამცნობენ საზოგადოებასაც და იმ ხალხსაც, ვისი საკითხიც უნდა განგვეხილა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ განაცხადი უნდა განეხილათ. კერძოდ, ნინო ბურჯანაძის ინიციატივაა, შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა ანუ, კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ვერ იქნება "ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში". უსუფაშვილს სურს, პარლამენტში შეიტანოს ინიციატივა, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც, საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება დაფიქსირდება.

კომენტარები