თვითმკვლელობა

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს პროკურატურა გამოძიებს. უწყების ინფორმაციით, თავდაპირველად, 8 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. ტაბულას გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, რომ დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. წერილში წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში - დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. გარდაცვლილის მეგობარმა ტაბულას უთხრა, რომ დაკრძალვის შემდეგ, ოჯახი ჩივილს აპირებს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". წერილის მიხედვით, პოლიციელმა გარდაცვლილი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები