ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

სიჭინავა: შვებულებაში გასვლას არ ვაპირებ, თუ დავაპირებ, პირადად გეტყვით

ოთარ სიჭინავა
საკონსტიტუციო სასამართლო

რუსთავი 2-ის საქმის განსახილველად კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადა ივლისის ბოლოს გავიდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია, მაშინ როცა მეორე კოლეგიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ბებიის გვარის საკუთარ გვართან მიერთების კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციოს მოსამართლეების ნაწილი ამბობდა, რომ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას და კაბელების საქმის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა ვერ მოხდებოდა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლეებზე შანტაჟის ერთ-ერთი მიზანი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება იყო.

ტაბულა დაინტერესდა, როდის აპირებენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები შვებულებაში გასვლას, რადგან ამ შემთხვევაში, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა კიდევ უფრო გაიწელება და შესაძლოა, მოსამართლეთა შვებულებაში გასვლა სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ოთარ სიჭინავამ ტაბულას უთხრა, რომ მას მოსამართლეობის ვადა მალე გასდის, ამიტომ  შვებულებაში გასვლას არ აპირებს.

„შვებულებაში გასვლას არ ვაპირებ. ვაპირებდი, მაგრამ თქვენ გამო ვერ გავდივარ იმიტომ, რომ სულ ამას მეკითხებით. მალე ვადა გამდის, აბა როგორ... არ ვაპირებ. თუ დავაპირებ, პირადად დაგირეკავთ და გეტყვით“,- ამბობს სიჭინავა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შვებულებაში  სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ნებართვის გარეშე ვერ გავლენ.

ტაბულა ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სხვა მოსამართლეებსაც დაუკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. მთავარმა პროკურატურამ გამოკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე და განაცხადა, რომ გამოკითხულები მათზე ზეწოლის ფაქტებსს უარყოფენ.

პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

კომენტარები