Brexit

ბრიტანეთმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა, მიზანი Brexit-ის შედეგების განეიტრალებაა

inbusiness.ae

დღეს დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა Bank of England-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის ფულად რესურსს, 0.5%-დან 0.25%-მდე შემცირდება. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ეკონომიკისთვის სტიმულს წარმოადგენს და მან ქვეყანაში სესხების ზრდას და დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი. ეს 2009 წლის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პირველი ცვლილებაა.

Bank of England, დღეს მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისთვის £100 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მიწოდებას გეგმავს. ამ ნაბიჯით, ბანკი დარწმუნებული იქნება, რომ ქვეყანაში სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რაც დასაქმების მაჩვენებელს გააუმჯობესებს.

დამატებითი სტიმულების სახით, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო £60 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ბონდების შესყიდვას გეგმავს.

ფართომასშტაბიანი სტიმულებით დიდი ბრიტანეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი BREXIT-ის შედეგების განეიტრალებას ცდილობს. BREXIT-ი ბრიტანეთის ეკონომიკის ფოკუსის შეცვლას გამოიწვევს, შესაძლოა ზოგიერთი დარგი უწინდელთან შედარებით ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდეს, ამიტომაც კომპანიებს საკუთარი ფოკუსის შესაცვლელად გარკვეული ტრანსფორმაცია მოუწიოთ, სწორედ ამ ტრანსფორმაციის პროცესის ხელმისაწვდომობა იქნება გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის შერბილებით.

მონეტარული პოლიტიკის შერბილების და ფართომასშტაბიანი სტიმულების პოლიტიკას ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკიც ახორციელებს, მიზანი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის სტიმულირებაა. 

კომენტარები