ქორწინების თანასწორობა

ზედელაშვილი: კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეფერენდუმი არ უნდა დაინიშნოს

პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს აღნიშნული [ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებული] რეფერენდუმი. პირველ რიგში რეფერენდუმის შედეგმა შესაძლოა ადამიანის უფლებები შეზღუდოს და კონსტიტუცია კატეგორიულად კრძალავს მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას. ასევე პრეზიდენტს შეუძლია არ დანიშნოს ეს რეფერენდუმი იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუცია კრძალავს კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რეფერენდუმი ჩატარებას. რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი უშვებს, რომ რეფერენდუმზე შეიძლება გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მოწესრიგებული საკითხები და პრინციპები. მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა კი ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებას კანონმდებლობაში ასახოს რეფერენდუმის შედეგი. თუმცა პრეზიდენტს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის აღნიშნული ნორმები და მათი გაუქმება მოითხოვოს. ეს უკანასკნელი გზა სჯობს პოლიტიკური და ინსტიტუციური მოსაზრებებითაც. პრეზიდენტი ამით საკითხის გადაწყვტას გადაავადებს არჩევნების შემდეგ და მას პოლიტიკურ რელევანტურობას დაუკარგავს, ასევე საბოლოო გადაწყვეტაში ჩართავს საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლეს ინსტიტუტსაც რაც გადაწყვეტილების დამატებითი ლეგიტიმაციის პირობაა. ამით პრეზიდენტს შეეძლება თავი აარიდოს უხერხულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, აიცილოს როგორც საკუთარი პოლიტიკური რისკები, ისე მთელი კონსტიტუციური სისტემისთვის რისკები, რომლებსაც რეფერენდუმის არჩევნებთან თანადროულად ჩატარება შექმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს განმარტება რეფერენდუმის ჩატარების დაუშვებლობაზე კანონის მიღების ან გაუქმების საფუძვლით არათანმიმდევრული და მცდარია. ცესკოს მტკიცებით აღნიშნული აკრძალვა შეეხება მხოლოდ რეფერენდუმით კონსტიტუციის შეცვლის აკრძალვას, რაც მცდარია. რეფერენდუმით კონსტიტუციის შეცვლის დაუშვებლობა გამომდინარეობს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურიდან, რომელშიც რეფერენდუმი საერთოდ არ არის მოხსენებული, კონსტიტუციის გადასინჯვის უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს აქვს. ცესკოს ეს არგუმენტი არ მოუყვანია. ცესკოს დასაბუთებიდან კი გაუგებარია, თუ დაუშვებელია კანონმდებლის დავალდებულება რეფერენდუმის შედეგის შესაბამისად შეცვალოს კონსტიტუცია, რადგან ეს, ცესკოს აზრით, "კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად" რეფერენდუმის ჩატარება იქნება, რატომ არ ვრცელდება იგივე მსჯელობა კანონმდებლობაში ცვლილებაზე და რატომ არ არღვევს რეფერენდუმის შედეგად კანონის ცვლილება კონსტიტუციის აკრძალვას კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე?

განუცხადა ტაბულას კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა

კომენტარები