გაუპატიურება

HRIDC: არასრულწლოვანი ორსულის გაუპატიურების საქმის დროულ გამოძიებას ვითხოვთ

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, 3 კვირის წინ, ქვემო ქართლში ორსული არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ცენტრის განცხადებით, "ორგანიზაცია შეშფოთებულია ქვემო ქართლში სამართალდამცველი ორგანოების გულგრილობითა და არაეფექტური რეაგირებით დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას". ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარება სთხოვეს 16 წლის გოგონას მშობლებმა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, არასრულწლოვანი ორსული ძალადობით გააუპატიურა ქმრის ნათესავმა, 47 წლის მამაკაცმა.

დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა პირი, რომელმაც დანაშაული აღიარა. ასევე, საგამოძიებო უწყებამ დანიშნა ექსპერტიზა, დაჩქარებული წესით დასკვნის მომზადების მოთხოვნით, თუმცა, ექპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის საგამოძიებო უწყებაში წარდგენილი.

"შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი კი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მიზნით. ორგანიზაციამ ასევე მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა, უმოკლეს ვადაში მოამზადოს ექსპერტიზის დასკვნა.

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ გაუპატიურების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", არ ამბობენ, ძალადობის მსხვერპლი იყო თუ არა ორსულად. მათივე ცნობით, ჯერ არავინ დაუკავებიათ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით კი, მათ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით 11 ივლისს მიმართეს. 

"მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, კომპლექსურ ექსპერტიზაში ოთხი დეპარტამენტია ჩართული. ექსპერტიზის ჩატარება და პასუხის გაცემა არ დაგვიგვიანებია. კომპლექსური ექსპერტიზის დროს ახალი რაღაც შეიძლება გამოჩნდეს, ან კიდევ რაღაც დეპარტამენტი დაემატოს, გამორიცხული არაფერი არის. ჩვენ პასუხი არ დაგვიგვიანებია," – ამბობს ექსპერტიზის ბიუროს PR მენეჯერი სოფო დვალიშვილი ნეტგაზეთის ცნობით.

კომენტარები