ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

შოთაძე: პაპუაშვილს მომავალ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში დავკითხავ

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა მისივე თხოვნით მომავალ კვირას, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში მოხდება. ამის შესახებ შოთაძემ იმედთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

”კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს",- ამბობს ირაკლი შოთაძე.

შოთაძესა და პაპუაშვილს შორის ზეწოლის საქმის გამოძიების ფარგლებში პირველი შეხვედრა 28 ივლისს თბილისში, მთავარი პროკურატურის შენობაში შედგა. გიორგი პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიაწოდა.

მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს მომავალ კვირას გაავრცელებს. 

 

კომენტარები