დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, რესპონდენტთა უდიდეს ნაწილს - 91%-ს, ალკოჰოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდათ მიღებული, ალკოჰოლის პირველად გასინჯვის საშუალო ასაკი 17.4 წელი იყო, ხოლო მინიმალური - 10 წელი.
იმ რესპონდენტთა წილი, რომლებმაც მოიხმარეს ალკოჰოლი ბოლო ერთი წლის მანძილზე, 71.1%-ს აღწევდა. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას რეგიონების მიხედვით:
კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
რაც შეეხება თამბაქოს მოხმარებას - რესპონდენტთა 31%-მა თქვა, რომ გამოკითხვის მომენტისათვის ისინი თამბაქოს ეწეოდნენ. მწეველი მამაკაცების პროცენტული წილი მწეველი ქალების შესაბამის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატებოდა (60.5% vs 8.6%, შესაბამისად). კვლევის თანახმად, ქალაქში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად არიან თამბაქოს მომხმარებლები, ვიდრე სოფლად - მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მამაკაცებში კი გურიაში.
კვლევის თანახმად, რესპონდენტებში თამბაქოს პირველად გასინჯვის საშუალო ასაკი იყო 17.42 წელი. იგივე მაჩვენებელი ქალაქებში მცხოვრები მამაკაცებისათვის 16 წელი იყო, ხოლო სოფლად მცხოვრები მამაკაცებისათვის - 17. ქალ რესპონდენტებში თამბაქოს პირველად მოწევის საშუალო ასაკი იყო 18 წელი, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური მაჩვენებელი მამაკაცებში იყო 7 წელი, ქალებში - 9.
კვლევის მიხედვით, მწეველ მამაკაცთა უმრავლესობა დღეში საშუალოდ 11-20 ღერ სიგარეტს ეწევა, ქალების მეტი წილი კი 1-დან 10 ღერამდე მოიხმარს.
კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).