არჩევნები 2016

პრემიერის დაპირებები გურულებს: მეჩაიეობის სახელმწიფო პროგრამა და ახალი ქარხნები

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმა გურიაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარადგინა. რეგიონის მოსახლეობას პრემიერმა რამდენიმე დაპირება მისცა, პრემიერის თქმით, მეჩაიეობის სახელმწიფო პროგრამა რეგიონში ჩაის წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. პრემიერმა ასევე 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხნის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.

"მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,"ქართული ჩაი", რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,"წყალი მარგებელი" აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. "ნაბეღლავის" და "ბახმაროს" გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხავს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

გურიის მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერმა ქართუ ფონდის მიერ აშენებულ "Black sea arena"-ს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი საკონცერტო დარბაზი რეგიონში ტურიზმს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. 

"ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს",-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები