ზეწოლა ინსტიტუციებზე

ხიდაშელი: მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების მსხვერპლი

Getty Images

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის თვითონაც იყო "ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების მსხვერპლი". ხიდაშელი საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ხდება საპროცესო გარიგება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებაში ბრალდებულებთან.

"მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ და სწორედ ამასთან დაკავშირებით დავუსვი რამდენიმე კითხვა პროკურატურას. როდესაც საზოგადოების ინტერესი ასეთი მაღალია, არ შეიძლება არ დაკმაყოფილდეს ეს ინტერესი და არ ვიცოდეთ, რატომ ხდება საპროცესო შეთანხების გარიგება ამ ადამიანებთან. ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, ვიდრე რის გამოც თავად არიან პასუხისგებაში. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისინი ისევ იყვნენ საფრთხის მატარებელი. აქ ძალიან ბევრი კითხვებია. არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც მედიაში გავრცელდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა", - ამბობს ხიდაშელი. 

საქმე ეხება 2016 წლის 15 მარტს პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს. პროკურორის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ინგა ჩატოიანმა, გელა ღურწკაიამ და ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლეს, შესაძლოა, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები კი პროკურატურას მათთან გარიგებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამ პირს, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების სანაცვლოდ, მათი დაცვის ქვეშ მყოფების საწინააღმდეგო ჩვენებები მიაცემინეს.

კომენტარები