ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $105.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.9%-ით ($4.9 მილიონით) მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, ყველაზე მეტი გზავნილი იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ქართული მოსახლეობა მრავალრიცხოვანია. ამ ქვეყნებში მოწინავე ადგილები რუსეთს, საბერძნეთსა და იტალიას უკავიათ.
ფულადი გზავნილების მიხედვით ივნისში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $34.1 მილიონი
- საბერძნეთი - $12.5 მილიონი
- იტალია - $10.9 მილიონი
- აშშ - $10.1 მილიონი
- თურქეთი - $7.4 მილიონი
- ისრაელი - $4.8 მილიონი
- ესპანეთი - $2.8 მილიონი
- გერმანია - $2.7 მილიონი
- უკრაინა - $1.5 მილიონი
- გაერთიანებული სამეფო - $1.4 მილიონი
რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს. გასული წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში $41.5 მილიონი შემოვიდა, წელს კი ფულადმა გზავნილებმა $34.1 მილიონი შეადგინა. შემცირების მიზეზს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. რუსეთში ემიგრირებული ქართველები შემოსავლებს რუბლში იღებენ, ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.
ფულადი გზავნილები ქვეყანაში სავალუტო შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ივნისში, მათი ზრდის მიუხედავად, ლარს გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. პირველ ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს კი მისი ღირებულება 2.32 ლარს შეადგენდა, ამ გაუფასურების მიზეზები კი ივნისში ექსპორტის 15%-იანი ვარდნა, იმპორტის ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა იყო.
ივნისში საქართველოდან უცხოეთში $16.5 მილიონი გაიგზავნა.





