არჩევნები 2016

რესპუბლიკელების საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილია

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება, ხოლო მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ხათუნა სამნიძე. საარჩევნო სუბიექტმა - "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. როგორც ხათუნა სამნიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებენ.

"დღეს საქართველოს რესპუბლიკური პარტია ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. 27 მარტს ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნებზე კენჭს ვიყრიდით დამოუკიდებლად კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია საქართველოს ჯანსაღი და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. მე, როგორც რესპუბლიკური პარტიიის თავმჯდომარეს, მაქვს საპასუხისმგებლო მოვალეობა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგინო საქართველოს ევროპულ მომავალზე, მის კეთილდღეობაზე მიმართული და ამ ქვეყნის სამსახურში არაერთგზის გამოცდილი პოლიტიკური ძალა - რესპუბლიკური პარტია. როგორც პარტიის თავმჯდომარე და დღეიდან, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, წარმოგიდგენთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, ჩვენი საპარლამენტო სიის პირველ ნომერს დავით უსუფაშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ საარჩევნო სუბიექტს - "უსუფაშვილი-რესპუბლიკელები". ამ სახელწოდებით და ამ ლიდერით ვიბრძოლებთ ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში. აჭარის უმაღლეს საბჭოში კი, ჩვენი პირველი ნომერი იქნება დავით ბერრძენიშვილი" - განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები