საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოკვლევით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში საწვავი, დიდი ალბათობით, არარაციონალურად იხარჯება. საიამ 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ამ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა და მათ ბალანსზე დარიცხული ავტომობილები შეისწავლა. დღევანდელ პრეზენტაციაზე - ავტომობილით დედამიწის გარშემო, საიას წარმომადგენელმა სულხან სალაძემ თქვა, რომ დუშეთის გამგებელმა წელიწადში 7 000 ლიტრი ბენზინი მოიხმარა. სალაძე აღნიშნავს, რომ ამ რაოდენობის საწვავით 71 ათასი კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. საია აღნიშნავს, რომ მცხეთა-მთიანების სამხარეო ადმინისტრაციამ, ქ. მცხეთის, ასევე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებმა 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის იმაზე ბევრად მეტი საწვავი დახარჯეს, ვიდრე - მათ ბალანსზე რიცხულმა ავტომობილებმა.
„მთლიანობაში, საუბარია დაახლოებით 260 ტონა საწვავზე. ამ საწვავის დიდი ნაწილი, დაახლოებით 40%, არის ბენზინი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არის ურთიერთგამომრიცხავი. გვქონდა შემთხვევა, როდესაც გუბერნიის შემთხვევაში სპიდომეტრის საწყისი მაჩვენებელი იყო ექვსნიშნა რიცხვი, წლის ბოლოს კი - თხუთმეტნიშნა" - ამბობს სალაძე და აღნიშნავს, რომ დუშეთსა და მცხეთაში არ აღრიცხავენ ჟურნალს ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„ასე რომ, შეუძლებელია, კონკრეტულად გავიგოთ, რა ციფრები იყო წლის დასაწყისში და რა წლის ბოლოს. საეჭვოდ მაღალია ის მონაცემები, სადაც აღწერილია თუ რა რაოდენობის საწვავს მოიხმარდნენ გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორი და მათი პირველი მოადგილე. მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 7ათას ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯა წლის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 600 ლიტრი თვეში. იმ კონკრეტული მოდელის ავტომობილის გავლილი მანძილი, რომელიც მას ემსახურება, უნდა იყოს წლის განმავლობაში 71 ათასი კილომეტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დუშეთის გამგებელი ამ მოცულობის საწვავს მოიხმარს და ამდენ კილომეტრს გადის წლის განმავლობაში, მას თავისუფლად შეუძლია, თითქმის 2 წრე დაარტყას ეკვატორს და ამის გარდა, ამ ტემპით, 5 წლის განმავლობაში მთვარემდე ჩავიდეს. იგივე პრობლემა იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებლის და მცხეთის გამგებლის შემთხვევაშიც. ასევე, გუბერნატორის და მისი მოადგილის შემთხვევაშიც",- ამბობს სულხან სალაძე.
საიას წარმომადგენლის თქმით, გასარკვევია, რეალურად რა მიზნებისთვის მოიხმარდნენ მაღალჩინოსნები საწვავს და ხომ არ იყო ეს პირადი მიზნები.
„იმ პირობებში, როცა არ ხდება აღრიცხვა კონკრეტული დანიშნულების პუნქტიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით, როცა არ ხდება კილომეტრაჟის მანძილის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ამის ალბათობას ზრდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდი ალბათობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში საწვავი არარაციონალურად იხარჯება", - აღნიშნა სალაძემ.