საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მთავრობას შეუძლია ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 1 იანვრამდე გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.
საიას განცხადებაში წერია, რომ მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ეს მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს.
"კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით.
როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს". – წერია განცხადებაში.
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაწესებული შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტს მხარი გუშინ, 14 ივლისს დაუჭირა.
შეზღუდვების პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას კენჭი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყარეს. კანონპროექტს 79 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ამ დრომდე მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეეძლო.