Brexit

კამერონმა Brexit-ზე რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარება გამორიცხა

Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში Brexit-ზე ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი არ განიხილება. ხელმეორე რეფერენდუმის შესაძლო გამართვის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოქვეყნდა მოქალაქეთა პეტიცია რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების მოთხოვნით იმის გამო, რომ შედეგები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. 

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ბრექსიტის შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა, სადაც მინისტრებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური სამთავრობო გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ფორმალური მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ ბრიტანეთი არ აამოქმედებს 50-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის საჭირო პროცედურებს ითვალისწინებს. დევიდ კამერონის თქმით, ამ მუხლის ამუშავება მომავალი პრემიერმინისტრის საქმეა, ის კი ოქტომბერში აირჩევა.

კამერონისვე მოსაზრებით, უმჯობესია, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ცოტა ხნით გადაიდოს, რათა ხალხმა დაისვენოს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ბრიტანეთს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, კამერონის პოზიციას იზიარებს მეთიუ ელიოტიც, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები