ანგარიში ივანიშვილს

დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია - "ანგარიში ივანიშვილს"

ანგარიში ივანიშვილს/Fb.com

ახალი საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ანგარიში ივანიშვილს" იწყება, რომლის მიზანი 2012 წლიდან ჩადენილი დანაშაულებრივი საქმეების, მათ შორის გახმაურებული მკვლელობების შეგროვება და აღნუსხვა იქნება. პროექტი ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, პროექტში ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღებენ ინფორმაციას. კამპანიის საბოლოო შედეგები რვა ოქტომბერს არჩევნების დღეს გამოქვეყნდება, მანამდე კი პერიოდულად შუალედური ანგარიშებს გააცნობენ საზოგადოებას. ორგანიზატორების თქმით, პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"პროექტის საჭიროება წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და უკანონობის რაოდენობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ დანაშაულს მეორე ფარავს, ერთ უკანონობასა და მავნებლობას მეორე დღესვე სხვა უკანონობა და მავნებლობა გვავიწყებს. მაგალითად, მალე ცოტას თუ ემახსოვრება, როგორ შეწყვიტეს კიწმარიშვილის საქმის გამოძიება, ან როგორ დაგვახიეს თავზე კანონი და მოპარეს რუსთავი 2-ს გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 18 დღე - რადგან ხელისუფლება ახალ-ახალი დანაშაულებით გადაფარავს მათ. ეს რომ არ მოხდეს, მოძრაობა „ანგარიში ივანიშვილს“ შეაგროვებს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდებს ინფორმაციას ყველა მოძიებული საქმის შესახებ, რომელიც უკვე გაშუქდა მედიაში (მაგ., მოსამართლეების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების უკანონო თვალთვალი, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და/ან დაუსჯელი ძალადობა - როგორიცაა კორცხელი, 8 თებერვალი და 17 მაისი, ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება და მისი ქვეყნიდან გაძევება, პანორამა, საყდრისი, ლაგვილავა, თათუხაშვილი, რაფალიანცი, ქირია და ასობით სხვა საქმე). ჩვენ ასევე აღვრიცხავთ ფაქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ვერ აღწევს ფართო საზოგადოების ყურამდე. მივმართავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ყველას, ვინც უშუალოდ არ არის მიბმული რეჟიმზე ამა თუ იმ სახის კორუფციული სქემით:

თუ თქვენ ხართ დემორალიზებული პოლიციის ძალადობის ან უმოქმედობის, ზე-პოლიტიზებული პროკურატურის ან სინდისისგან გათავისუფლებული სასამართლოს მსხვერპლი, თუ თქვენ სამსახურიდან გაგათავისუფლეს პოლიტიკური მოტივით, რათა ქართული ოცნების აქტივისტებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ფუფუნებაში ეცხოვრათ თქვენს ხარჯზე, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 577 180 180 და მოგვიყევით თქვენი ამბავი. ერთად წარვუდგინოთ ანგარიში ივანიშვილს", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

კომენტარები