ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $92.9 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.9%-ით ($4.8 მილიონით) ნაკლებია. გზავნილების კლება რუსეთიდან და საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების კლებას უკავშირდება. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.
ფულადი გზავნილების მიხედვით მაისში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $31.1 მილიონი
- საბერძნეთი - $10.8 მილიონი
- იტალია - $10.2 მილიონი
- აშშ - $9.9 მილიონი
- თურქეთი - $7.5 მილიონი
- ისრაელი - $4.5 მილიონი
- ესპანეთი - $2.5 მილიონი
- გერმანია - $2.4 მილიონი
- უკრაინა - $1.6 მილიონი
- გაერთიანებული სამეფო - $1.5 მილიონი
რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს. გასული წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში $38.5 მილიონი შემოვიდა, წელს კი ფულადმა გზავნილებმა $31.1 მილიონი შეადგინა. შემცირების მიზეზს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. რუსეთში ემიგრირებული ქართველები შემოსავლებს რუბლში იღებენ, ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.
ფულადი გზავნილები ქვეყანაში სავალუტო შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მაისში მათი შემცირების მიუხედავად, ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა. კერძოდ, ლარი მაისის მანძილზე დოლართან მიმართებით 8.5 თეთრით გამყარდა, რაც სავარაუდოდ მაისში სავალუტო შემოდინების სხვა წყაროს - ტურიზმის 24%-იან ზრდას უკავშირდება.
მაისში საქართველოდან უცხოეთში $15.8 მილიონი გაიგზავნა.





