არქიტექტურის სამსახური

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ელისაშვილს უჩივის

netgazeti.ge

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. მოსულიშვილის თქმით, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის ცნობით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.

„ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გადაცემა „სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ალექსანდრე ელისაშვილს, წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს", - განაცხადა მოსულიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები