ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: მე წამოვედი ზენიტში მყოფი და ეს დაფუძნდა, გახდა თამაშის წესი

ბიძინა ივანიშვილი
GDS

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერმინისტრია და მისი წასვლის საჭიროება არ დგას. ტაბულამ ივანიშვილს ჰკითხა, "თქვენ ახსენეთ, რომ ღარიბაშვილი გეკითხებოდათ 6 თვეში ერთხელ, წავიდეს თუ არა. კვირიკაშვილიც ანალოგიურად გისვამთ ამ კითხვებს და რა ინტენსივობით, შეიძლება, გვითხრათ?". ყოფილი პრემიერმინისტრის შეფასებით, კვირიკაშვილს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.

"ზოგადად, გუნდში ეს თამაშის წესი რომ შემოვიდა, ეს არის ბედნიერება. ბედნიერება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა ამაზე, განვითარებადი. ახლა ევროპული ქვეყნების სწავლებაზე არ მაქვს პრეტენზია. ეს არ იყო მარტო ჩვენი დაავადება, რაც აქ ხდებოდა, რომ მოვიდოდა და წასვლა აღარ უნდოდა არავის. ნახეთ სხვა განვითარებადი ქვეყნები, ჩვენი მსგავსი, იდენტურია იქაც, ნახავთ უარესსაც, ნახავთ უკეთესსაც. დიქტატორებსაც ნახავთ ძალიან ბევრს. და ის მთავარი რომ შემოვიტანე პოლიტიკაში და დავაფუძნე, რომ მოვედი და ხელისუფლების ზენიტში მყოფმა კაცმა, მეორე დღესვე დავტოვე თანამდებობა. ეს გაიმეორა ღარიბაშვილმა. გუნდის წევრები ცდილობენ ამას, რომ ეს თამასა შეინარჩუნონ. ღარიბაშვილმაც ეს ღირსეულად გააკეთა, ძალიან. შეიძლება, ერთი-ორჯერ მანამდისაც ჰქონდა ღარიბაშვილს ეს კითხვები და ჰქონდა კიდეც - „ბატონო ბიძინა, ხომ არ დადგა დრო, რომ მეც თქვენთან წამოვიდე?" - კარგია. კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერმინისტრია, პრინციპში, და ამის საჭიროებას არაფერი კრიზისი არ ჰქონია. კვირიკაშვილს კარგის მეტი არაფერი არ შეუქმნია", - თქვა ივანიშვილმა.

კითხვაზე, "რა კრიზისი ჰქონდა ღარიბაშვილს მაშინ?", ივანიშვილი პასუხობს, რომ კრიზისი, შეიძლება, არასწორად ახსენა.

"მახსოვს, რომ ჯანყარაშვილის თემა წამოწიეს ზედმეტად, ნაცებმა წამოწიეს ზედმეტად. შეიძლება, ვთქვა და მითქვამს კიდეც საჯაროდ, რომ იქ იყო რაღაც გადაცდომები. ირაკლი ძალიან ღირსეულად მოიქცა. ჯერ გაასწორა თემა, მერე კითხვაც დასვა - „იქნებ, აღარც ღირს... იქნებ..." - ესაა კარგი. ეს არის ნორმალური და ეს ბედნიერება აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას და მოხდა ისე, რომ მე წამოვედი ზენიტში მყოფი და ეს დაფუძნდა, წამოვიდა მეორე პრემიერმინისტრი. აბსოლუტურად, ჩემი აზრით, დიდი პოტენციის მქონე და მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს კარებს შეაღებს პოლიტიკაში, როცა მოუნდება. ასეთი რესურსით წამოვიდა. ეს არის ბედნიერება", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები