საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება სრული სიცრუეა და არ შეესაბამება რეალობას.
"საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში.
გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები" - აცხადებს პროკურატურა.
რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს.





