ეკონომიკური თავისუფლება

HSBC: სავაჭრო რეგულაციების გამო მსოფლიო ნახევარ ტრილიონ დოლარს კარგავს

AP Photo

ბრიტანული ბანკის HSBC-ის კვლევის მიხედვით, სხვადასხვა სავაჭრო სანქციის, კვოტებისა და ტარიფების, ასევე ანტიდემპინგური და პროტექციონისტული კანონების გამო, მსოფლიოს ეკონომიკა წელიწადში დაახლოებით $0.5 ტრილიონს კარგავს. 

HSBC-ის ანგარიშში წერია, რომ თუკი ქვეყნები ამ ბარიერებს მოხსნიან, გლობალური მომხმარებლებისთვის პროდუქცია გაიაფდება, მსოფლიოს ეკონომიკა წელიწადში დაახლოებით ნახევარი ტრილიონით გაიზრდება და შეიქმნება დაახლოებით 9 მილიონი სამუშაო ადგილი. 

სავაჭრო რეგულაციებს, როგორიცაა ტარიფები და კვოტები, სახელმწიფოები ერთმანეთს ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქციის დაცვის მოტივით იღებენ. შედეგად, იმპორტული პროდუქცია ძვირდება, ადგილობრივი პროდუქცია კი სასათბურე პირობებში ექცევა, ბაზარზე ამ რეგულაციების გამო იზრდება პროდუქციის ღირებულება, მათი მოხმარება კი მცირდება. სახელმწიფო იცავს შედარებით მცირე ჯგუფის - ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებს, თუმცა ზარალდება მოსახლეობა, რომლებსაც პროდუქციის შეძენა იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში დაუჯდებოდათ, რეგულაციები რომ არ არსებულიყო.

HSBC-ის ანგარიშში საუბარი ისეთ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური მიზნებითაც იყენებენ სავაჭრო რეგულაციებს. პოლიტიკური მოტივებით ყველაზე ხშირად სავაჭრო სანქციებს რუსეთი აწესებს, შედეგად კი ყველაზე მეტად საკუთარ ეკონომიკას აყენებს ზიანს. სავაჭრო რეგულაციებს ასევე ხშირად იყენებენ ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია.

საქართველო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. Heritage Foundation-ის 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 23-ე ადგილი უჭირავს, თუმცა ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ ქვეყანას უცხოური იაფფასიანი პროდუქტებისგან ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად ანტიდემპინგური კანონი უნდა შეექმნა, თუმცა მთავრობას ანტიდემპინგური კანონის პროექტი არ წარუდგენია. თუ საქართველო მსგავს ნორმას მიიღებს, ქვეყანა სავარაუდოდ დაკარგავს ვაჭრობის თავისუფლების მხრივ არსებულ მოწინავე პოზიციებს.

კომენტარები