ეკონომიკური თავისუფლება

ქუმსიშვილი: ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს

facebook.com/economypr

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ შესაძლოა, ეკონომიკური თავისუფლების აქტი გააუქმოს, რაც მას ქვეყანაში გადასახადების, ბიუროკრატიისა და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის საშუალებას მისცემს. გოცირიძის ამ განცხადებას პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. ქუმსიშვილის თქმით, ქართული ოცნების გუნდში ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"არა, არ შეიძლება, რომ გადაიხედოს, მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში მსჯელობა ეკონომიკური თავისუფლების აქტთან მიმართებაში, რომელიც მის გაუქმებას და გადასახადების ზრდას ეხება, არ მიმდინარეობს", - ამბობს ქუმსიშვილი. 

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ გაიზრდება და არ დაწესდება არცერთი ახალი გადასახადი. ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ უნდა გადააჭარბოს 60%-ს, ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

რომან გოცირიძის შეფასებით, ქართულ ოცნებას "თავისუფლების აქტის" გაუქმებისკენ შეიძლება ეკონომიკურმა კრიზისმა უბიძგოს.

"ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ განსაზღვრულია ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები და დადგენილია ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა: ბიუჯეტის ხარჯების მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არა უმეტეს 30 პროცენტის ოდენობით; დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არა უმეტეს 3%-ის ოდენობით; სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არა უმეტეს 60%-ის ოდენობით; ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ძირითადი პრინციპები. ხელისუფლებამ, რომელიც განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შეიძლება, უარი თქვას იმ ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპზე, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში", - ამბობს გოცირიძე.

კომენტარები