ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

საფრანგეთი, გერმანია და აშშ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარს უჭერენ

nieznanaukraina.pl

ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების საკითხზე ჩატარებულ ფორმალურ რეფერენდუმს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების მმართველებისგან გამოხმაურებები მოჰყვა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას განაგრძობს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი იყოს უწყვეტი და შეესაბამებოდეს ყველა სტანდარტს, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით", - თქვა მერკელმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კი, რეფერენდუმის ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერას საფრანგეთიც გააგრძელებს.

"აღსანიშნავია, რომ ეს ფორმალური ტიპის რეფერენდუმი იყო. ვიცი, რომ ქვეყნის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ჰოლანდიის პრემიერი რამდენიმე საათში ან დღეში გამოაცხადებს. რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიას, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ავამოქმედებთ ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენს ქვეყნებში", - განაცხადა ოლანდმა.

რეფერენდუმის შედეგებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მარკ ტონერის თქმით, ასოცირების შეთანხმება უკრაინის, ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესებში შედის.

"იმედგაცრუებული ვართ ჰოლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, თუმცა, ჰოლანდიელი ხალხის შეხედულებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პატივს ვცემთ. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ასოცირების შეთანხმება უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინტერესებშია და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა ტონერიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ფორმალური რეფერენდუმი ჩატარდა.
რეფერენდუმში ამომრჩეველთა 32.1 %-მა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 61.1 % უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარი არ დაუჭირა, 38.1 %-მა კი თანხმობა განაცხადა.

ჰოლანდიის გარდა ევროკავშირის დანარჩენმა 27-მა წევრმა ქვეყანამ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა.

კომენტარები