ტრანსპორტი

2017 წლიდან ყველა ტაქსისტს სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევს

georgiaabout.files.wordpress.com

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ინიციატივის მიხედვით, 2017 წლიდან უნდა დაიწყოს ტაქსების რეგისტრაცია, რის შემდეგაც, მათთვის შეიქმნება შესაბამისი რეგლამენტი, ანუ ის მოთხოვნები, რაც ტაქსის მძღოლებმა და მათმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა უნდა დააკმაყოფილონ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსებს, თუმცა მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მძღოლებს სანქციები დაეკისრებათ.

"ტაქსისთან დაკავშირებით მერიის სამსახურები აქტიურად ვმუშაობთ სფეროს სპეციალისტებთან ერთად, ის დაურეგულირებლობა, რომელიც დღეს არის დედაქალქში, ვფიქრობთ, რომ საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს და მოწესრიგებას. ჩვენ გვაქვს ტექნიკური საკითხები, რომლებიც მოიცავს, ერთი მხრივ, მძღოლის მიმართულებას და მეორე მხრივ, ავტომობილის მიმართულებას. ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიდის დეტალური მუშაობა. რეგისტრაცია აუცილებლად საჭირო გახდება, რადგან სხვანაირად ამ დოკუმენტების წარდგენა, ბუნებრივია, მოითხოვს რეგისტრაციის პროცესს." - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.

თავად ტაქსისტები ამბობენ, რომ მათთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება პოტენციურ რისკია, რადგან, მათივე თქმით, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს. ტაქსის მძღოლთა ნაწილის აზრით კი, დღეს ქალაქში მოძრაობა ქაოტურია, რის გამოც მერიის მხრიდან რაიმე რეგულაციების დაწესება ამ მხრივ ვითარებას შედარებით გააუმჯობესებს.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 - 60 000 ტაქსი მოძრაობს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ მაცხოვრებელზე მაღალ მაჩვენებელს იძლევა. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი კი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს. შესაბამისად, რეგულაციების დაწესებამ, შესაძლოა ამ ოჯახების სოციალური მდგომარება გააუარესოს. ასევე არსებობს რისკი, რომ ახალი რეგულაციების გამო მძღოლებს ახალი დანახარჯების გაწევა მოუწიოთ, რის გამოც, შესაძლოა, ტაქსით მგზავრობის ტარიფები გაიზარდოს.

კომენტარები