ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: 2012 წლის შემდეგ, საქართველო განგსტერულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ გახმაურებული საქმეების სიას უგზავნის, რომელთა გამოძიებაც, პარტიის შეფასებით, სათანადოდ არ ხდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ სულ 56 ასეთი საქმეა. მათ შორის არის მკვლელობის ან საეჭვო გარდაცვალების 10, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 5, ცემის 9, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით დაშანტაჟების 5, უკანონო თავისუფლების აღკვეთის 5, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული 17, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი 26 ფაქტი.

„გუშინ, დღისით, მზისით შეირაღებული თავდასხმა მოხდა პოლიტიკურ ფიგურაზე და სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენ ვიცით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავი, ამბავი, როცა თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს და მისი გატაცების მცდელობა იყო. თავს დაესხნენ გიორგი ღვინიაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს.

სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო განგსტერულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ იქ, სადაც პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება არაა დაცული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ესაა შედეგი იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს. დღეს კრიმინალური სამყარო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. დღეს რეალურად ორგანიზებული დანაშაული უსაფრთხოდაა, ხოლო მოქალაქეები საფრთხეში არიან.

როცა პარლამენტი გიორგი კვირიკაშვილს ამტკიცებდა, მან აღნიშნა, რომ ყურადღებას მიაქცევდა იმ ათეულობით გაუხსნელ საქმეს, რომელიც დაგროვდა, თუმცა კვირიკაშვილი აგრძელებს მოსახლეობის მოტყუების პრაქტიკას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გაუხსნელი და გამოუძიებელი საქმეების სიას, სადაც ყველა ფაქტი ჩამოწერილია, წერილობით ვუგზავნით მას, რათა გამოიძიონ ეს საქმეები." - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები