გაფიცული მეშახტეები

საქნახშირი: მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს

საქნახშირი ჯი-აი-ჯის ინფორმაციით, გაფიცულმა მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს. კომპანია შახტის ადმინისტრაციის შენობაში გაფიცული მეშახტეების შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ ღამით "სიტუაცია უკიდურესად" დაძაბული იყო.

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი" ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მათ არაერთხელ მოუწოდეს მეშახტეებს, დარჩენილიყვნენ კანონის ფარგლებში და მიმართეს სამართალდამცველებს, მოეხდინათ დროული რეაგირება.

გუშინ ტყიბულში გაფიცული მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაუკავებიათ. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

კომენტარები