თბილისის საქალაქო სასამართლო

ახვლედიანი: რა თქმა უნდა, ჩემი განცხადებების გამო დამსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრის შემდეგ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადრების სიმცირის გამო, მოსამართლეებს დაავალა, განეხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც. მისივე თქმით, ეს ყოველთვის ხდებოდა სასამართლო სისტემაში.

ჟურნალისტის კითხვაზე, "მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი განცხადებების გამო დაგსაჯეს", საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ ჩემი განცხადებების გამო მომხდარი ფაქტი". მისივე თქმით, "დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავდა იმ სიმართლეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება და ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ - შეიძლება, ამ საკითხის ბევრი მომხრე ყოფილიყო სასამართლო სისტემაში".

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, როცა მოსამართლეებს 800-900 საქმე აწერიათ, ხდება ოპტიმიზაცია და გარკვეული ჯგუფის გამოყოფა.

"ეს ყოველთვის ასე ხდებოდა სასამართლო სისტემაში. ეს არ არის პირველი ფაქტი, ყოველთვის ასე კეთდებოდა. მსგავსი ტიპის „დარღვევები და გადაწყვეტილებები“, რაც მე გამოვიტანე, მიღებული აქვს უზენაეს სასამართლოსაც, სააპელაციო სასამართლოსაც. მე კატეგორიები არ გამიუქმებია, მასში მყოფ მოსამართლეებს დავავალე, განეხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც. ასე ხდებოდა ამნისტიების და სამართალდარღვევების დროს, როცა სხვა კატეგორიის დიდი რაოდენობა იყო. არა მარტო ერთი კოლეგიის შიგნით, არამედ სხვა კოლეგიიდანაც კი მაქვს უფლება, რომ დავაკისრო მოვალეობის შესრულება, მაგალითად, სისხლის სამართლის კოლეგიაში. როცა ერთ შემადგენლობაში და ერთ ჯგუფში არის ორი მოსამართლე, ვერ ახერხებდნენ ვერც შვებულებაში გასვლას, ვერც მივლინებაში წასვლას, ვერც სასწავლო ტრენინგებზე წასვლას. როცა ერთი მოსამართლე ავად ხდებოდა ან შვებულებაში გადიოდა, ფაქტობრივად, რჩებოდა ერთი მოსამართლე და ყველა საქმე ეწერებოდა მას", - ამბობს ახვლედიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მის თანამდებობიდან გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. მისივე მტკიცებით, ბრძანება, რომელსაც მას ედავებიან, ერთი წლის წინ არის გაცემული, რის შესახებაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მაშინვე ეცნობა.

კომენტარები