თბილისის საქალაქო სასამართლო

ადვოკატთა ასოციაცია: 22 მაისს რამდენიმე ადვოკატი სასამართლოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
radiotavisupleba.ge

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატი მანდატურებმა და პოლიციელებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რაც მათივე შეფასებით, ადვოკატების უფლებების დარღვევაა. 

"ადვოკატთა ასოციაციისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, თითოეული ადვოკატი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდეს თავისუფლად და შეუფერხებლად, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.

როგორც ჩვენთვის კონკრეტული ადვოკატების მომართვისა და მედიით გახდა ცნობილი, 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს, სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესში, ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებასა და უხეშობას, ეს ყოველივე კი ადვოკატთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს". - წერია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას იწვევს, კანონდარღვევაა.

"გვსურს, განვმარტოთ, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონით. ამ კანონით, ადვოკატს უფლება აქვს, თავისუფლად იმოქმედოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, წარმოადგენს კანონდარღვევას.

შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა". - წერს ასოციაცია.

ადვოკატთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სამომავლოდ, უსაფრთხოების ზომების მიღებასთან ერთად, ადვოკატებისთვის შეუფერხებელი საქმიანობის პირობები შექმნას. 

გუშინ, 22 მაისს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის დაწყებამდე და პარალელურად, პოლიციელებსა და მანდატურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელებთან კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.

კომენტარები