თბილისის საქალაქო სასამართლო

მურუსიძე: ახვლედიანს რამდენჯერაც დავუძახეთ, იმდენჯერ დაგვაიგნორა

ნეტგაზეთი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ეს არ არის რეპრესიული მომენტი, რადგან ის გათავისუფლებულია მხოლოდ მენეჯერული თანამდებობიდან და რჩება საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

“სწორად უნდა გავიგოთ საკითხი. დღეს ბატონი მამუკა გათავისუფლდა მხოლოდ მენეჯერული თანამდებობიდან. ის რჩება მოსამართლედ და დღესაც, ხვალაც, შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი. საბჭომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად სწორად ხდებოდა საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტი. რაც შეეხება როგორც მოსამართლის საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - განაცხადა მურუსიძემ.

უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, სასამართლო სისტემაში ასევე არსებობდნენ მოსამართლეები, რომლებიც აკრიტიკებდნენ საბჭოს საქმიანობას. მისი მტკიცებით, ახვლედიანი რამდენჯერაც დაიბარეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე,  იმდენჯერ არ გამოცხადდა.

"რამდენჯერაც ვუთხარით, რომ გვესაუბრა რამე პრობლემებზე, გაკეთდა აბსოლუტური იგნორი. ისიც იცით, რომ არ გამოცხადდა ბატონი მამუკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უბრალოდ რომ გვესაუბრა პრობლემებზე, ავდექით და უმაღლესი საბჭო მივედით საქალაქო სასამართლოში. საბჭო პასუხისმგებელი და ვალდებულია, რომ სასამართლოს სისტემამ ითანამშრომლოს გამართულად“, -განუცხადა მურუსიძემ ჟურნალისტებს.

როგორც უმაღლესი საბჭოს მდივანი ამბობს, საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახვლედიანის თავმჯდომარეობის პირობებში ვერ განვითარდებოდა ის თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპებს. მურუსიძის მტკიცებით, ახვლედიანი სამედიცინო ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, დადიოდა სასამართლოში, თუმცა, თავს არიდებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობას.

"როდესაც ერთი ადამიანი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის კოლეგიური ორგანოს გადასაწყვეტი და მოხდება ისე, რომ ირღვევა საქმეთა განაწილების სამართლიანი პრინციპი, საბჭო ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. საუბარი იყო იმაზე, რომ მამუკა იყო ბიულეტენზე. ამ დროს ის აქტიურად იყო საქალაქო სასამართლოში. ჩვენ რამდენჯერმე დავიბარეთ და ვთხოვეთ, რომ მობრძანებულიყო და თავისი პოზიცია გამოეხატა. მე მიმაჩნდა, რომ მას შეეძლო მობრძანებულიყო და ეთქვა, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა, რათა გამოეხატა თავისი პოზიცია. დღესაც მოხდა იუსტიციის საბჭოს იგნორირება, ფაქტობრივად გვესაუბრებოდა ტელევიზიის საშუალებით. დღესაც ვთხოვეთ, რომ ელემენტარულად მობრძანებულიყო და ეთქვა, რომ მე, მამუკა ახვლედიანს მჭირდება გარკვეული დრო და გარკვეული პერიოდი. ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, ერთხელ დავიბარეთ, ორჯერ დავიბარეთ...  როდესაც არ მოდის, ამბობს, რომ ვარ ბიულეტენზე, ამ დროს არის სასამართლოში. საბჭომ ჩათვალა, რომ არ იყო თანამშრომლობის სურვილი, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავუძახეთ, ყოველთვის გვაიგნორებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბჭო თავად იყო მისული საქალაქო სასამართლოში, აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ ამ თემებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მურუსიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან დღეს გადააყენა. თავად მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებზე“ პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის სამედიცინო ბიულეტენზე იმყოფება და დღევანდელ სხდომას ამ მიზეზით ვერ დაესწრო.

კომენტარები