თბილისის ცენტრში ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია იწყება. რუსთაველის გამზირზე 22 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" აშენდება. პროექტს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. "გალერია თბილისი" 2017 წელს გაიხსნება. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ბრენდები. თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა ჰოლანდიური კომპანია Doryphore Invetsment-ისგან 2015 წლის აპრილში შეიძინა და მის აშენებაზე $77 მილიონს დახარჯავს.
სავაჭრო ცენტრი 5-სართულიანი იქნება. მასში განთავსდება სუპერმარკეტები, რესტორნები, კაფეები, ღია ვერანდა, პროექტში სრულად მოექცევა გრიბოედოვის თეატრი და პარკინგი 300 ავტომობილზე. "გალერია თბილისი" ადგილობრივებთან ერთად ტურისტული შოპინგის მიზიდვასაც ისახავს მიზნად. შენობის დიზაინი ებრაულმა კომპანია Moshe Tzur Architects-მა დააპროექტა. ძველი უნივერმაღისგან განსხვავებით, შენობაში თავისუფლების მეტროს სადგური სრულად მოექცევა.

ფოტო: galleria.ge

ფოტო: galleria.ge

ფოტო: galleria.ge
თბილისის ცენტრალურ ნაწილში კიდევ რამდენიმე დიდი ზომის შენობაა, რომლებიც დღემდე ამორტიზებულია, მათ შორისაა ლაგუნა ვერე, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ქარხანა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.





