არჩევნები გარდაბანში

ხვალ გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.

ცესკოს ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი 28 იანვარს ამომრჩევლებისთვის დილის 8:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება; რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.

როგორც დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ითხრა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. მისი თქმით, თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები, ასევე, ორენოვანი ბიულეტენები აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის.

"არჩევნები გარდაბნის საარჩევნო ოლქში 64 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ს შეადგენს; კენჭისყრის პროცესს დააკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES) 8 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიას, ცესკოში აკრედიტაცია თერთმეტმა მედია ორგანიზაციამ გაიარა და არჩევნებს, მათი 166 წარმომადგენელი გააშუქებს", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 28 იანვარს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

"28 იანვარს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, (2 51 00 51), ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - აცხადებენ ცესკოში.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 28 იანვარი უქმე დღეა.

კომენტარები