პატიმრების შეწყალება

წულუკიანი: ელისაშვილმა მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

"კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება და თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რაიმე დაუშვა ამ სფეროში და დაარღვია კანონი, ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი, პროკურატურა მუშაობს ამ თემაზე და ბატონ ელისაშვილს, რა თქმა უნდა, განცხადებების გარდა, მოუწევს მტკიცებულებები მიაწოდოს პროკურატურას", - ამბობს წულუკიანი.

ელისაშვილი უკვე დაკითხეს პროკურატურაში. ამავე საქმეზე დაკითხეს შეწყალების კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც, რომელიც ელისაშვილის ბრალდებას ადასტურებს.

კომენტარები