მსჯავრდებულთა შეწყალება

ქუცნაშვილი პატრიარქის ინიციატივაზე: შეიძლება კომბინირებული ვარიანტის მოფიქრება

www.radiotavisupleba.ge

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივას, რომ მას უნდა ჰქონდეს პატრიარქის შეწყალების უფლება, ტაბულასთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა. ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ პატრიარქის ინიციატივა სეკულარობის პრინციპს არ არღვევს, თუმცა კომბინირებულ ვარიანტს ემხრობა 

ქუცნაშვილი: მე ვფიქრობ, რომ შეიძლება კომბინირებული ვარიანტის მოფიქრება. ვთქვათ კათალიკოს-პატრიარქის მოთხოვნით პრეზიდენტმა მოახდინოს შეწყალება და ეს მოთხოვნა აპრიორი ჩაითვალოს საკმარისად შეწყალებისთვის. ანუ, რომ არ დაირღვას სეკულარობის პრინციპი, მოხდეს ისე, რომ მისი შუმდგომლობით პრეზიდენტმა მოახდინოს შეწყალება და ეს შუამდგომლობა საკმარისი პრინციპი იყოს შუამდგომლობის განხორციელებისთვის.

ტაბულა: კანონში ამის ფორმულირება როგორ უნდა მოხდეს, ანუ, თუ აპრიორი ექნება პატრიარქის შეწყალებას ძალა და პრეზიდენტი ვალდებული იქნება მას ხელი მოაწეროს და ეს პიროვნება შეიწყალოს, ხომ მაინც შელახავს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს?

ქუცნაშვილი: დღეის მდგომარეობით არსებობს შეწყალების კომისია, შეწყალების განხორციელების თაობაზე და როგორც წესი შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია არის სახელმძღვანელო პრეზიდენტისთვის. მე ვსაუბრობ ახლა, რომ კოლეგიალური ორგანო შეწყალების კომისიის ნაცვლად, რეკომენდაციით მიმართოს მისმა უწმიდესობამ. მე ვფიქრობ რომ კომბინირებული ვარიანტი ჯობს, რადგან მაშინ უნდა წავიდეთ კონსტიტუციურ ცვლილებაზე და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ორ პიროვნებას აქვს შეწყალების უფლება. ასე რომ მე უფრო კომბინირებულ ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას.

ტაბულა: თქვენ არ ფიქრობთ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადება არის სეკულარობის პრინციპის დარღვევა?

ქუცნაშვილი: ნუ, მანდ საერო ცხოვრებაში ჩარევა, რაზეც გადის სეკულარიზმი, არ ნიშნავს კონკრეტული მოქალაქის შეწყალებას პირდაპირი გაგებით. საერო ცხოვრებაში ჩარევა ნიშნავს იმას, რომ მიიღოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მე როგორც გავიგე, საუბარია ჰუმანიზმის აქტზე რომლის ინიციატორიც შეიძლება იყოს მისი უწმიდესობა, როგორც ქვეყანაში უმაღლესი სასულიერო თანამდებობის პირი.

ტაბულა: ერთია რეკომენდაციის გაცემა, რისი უფლებაც ახლაც აქვს კათალიკოს-პატრიარქს და მეორეა გადაწყვეტილების მიღება...

ქუცნაშვილი: დღევანდელი სიტუაციით, შეწყალების კომისიას რომ პატრიარქმა მიმართოს, მერე შეწყალების კომისიამ უნდა გასცეს რეკომენდაცია, ანუ ახლა არის სამეტაპიანი პრინციპი და მე რაზეც ვსაუბრობ ეს არის ორეტაპიანი სისტემა.

ტაბულა: და მინისტრი რაზეც საუბრობს, ეს საერთოდ არც ერთ ეტაპს არ შეიცავს, პირდაპირ გადაწყვეტას გულისხმობს და სეკულარული სახელმწიფოს მინისტრი ამბობს, რომ არარჩეულ პირს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, ამას როგორ აფასებთ, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით?

ქუცნაშვილი: მე გამოხატვის თავისუფლებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, აქედან გამომდინარე ყველანაირ აზრს ვითვალისწინებ და ვისმენ, მითუმეტეს აზრს, რომელიც მიმართულია ჰუმანიზმისაკენ, მე უფრო კომბინირებული ვარიანტისკენ ვიფიქრებდი

კომენტარები