რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო: საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი

საკონსტიტუციო სასამართლო დავით უსუფაშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს პასუხობს. საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, მიიღო 2015 წლის 2 ნოემბერს დღის 12 საათზე რის შესახებაც მხარეები ერთი საათით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები. ასევე, გადაწყვეტილება გამოცხადდა საჯაროდ, მოპასუხის წარმომადგენლისა და სხვადასხვა მედიის თანდასწრებით.

"შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი. გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიღებული გადაწყვეტილება (რასაც თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ) ჩაითვალოს მალულად მიღებულად," - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო. 

განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ საქმის არსებითად განხილვის საკითხი წყდება ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა. ზეპირი მოსმენა კი ტარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეთა მოსმენა აუცილებელია. 

"იმავდროულად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია „შპს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის“ ორი კონსტიტუციური სარჩელი, ამასთან, 6 ნოემბერს შემოვიდა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი. თითოეულ მათგანს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ პროვოცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო აღქმული იქნეს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ," - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლო მოუწოდებს ყველას, "შესაძლებლობა მისცენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირუთვნელად განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქცია, ვალდებულებები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის, მთლიანად ხელისუფლების და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის."

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 6 ნოემბერს განაცხადა, რომ "დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად,დიახ, მალულად, და არა ზეპირი მოსმენის გარეშე იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ."

კომენტარები