რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი: გაფორმდა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა

ტაბულა

მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რუსთავი ორის ადვოკატებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, "მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით, დღეს საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა, გაფორმდა დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უკანონობა და უსამართლობა". მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის ძალადობა სასამართლოს ხელით.

"თამაზ ურთმელიძე მოსამართლე არ არის, ის აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, გამოაშკარავდება ადრე თუ გვიან ის კომუნიკაცია, რაც მასსა და ხელისუფლებას შორის, მასსა და ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს შორის იყო ამ შედეგის დადგომისთვის. ის მოხდა დღეს, რასაც ვწინასწარმეტყველებდით - თვალთმაქცურად დაყენებული ხუთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან უბრალოდ, მხარეს ამის არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. მოხდა იმ გარიგებების გაბათილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა გაყიდა თავისი წილი ათი წლის წინ და დღევანდელი მესაკუთრეები, რომელთაც მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ამოიშალნენ რეესტრიდან როგორც მესაკუთრეები და მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში გაფორმდა", - თქვა ბიბილაშვილმა.

რუსთავი ორის ადვოკატები სასამართლო დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორმას, რომ ეს დიქტატურა, ეს უკანონობა დავამარცხოთ. ვპირდები ყველას, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა, რომ ის პასუხს აგებს. ხოლო ამ ქვეყნის ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სიმართლე და სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს. შეუძლებელია, ადამიანი მოდიოდეს სასამართლოში, მისი საკუთარი განცხადებების გარდა არაფერი იყოს საქმეში ჩადებული და ამ ტიპის მტკიცებულებებით ხდებოდეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. დარბაზში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით დაიწყება საქართველოს შემდგომი იზოლაცია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამაზე ხელი აქვს მოწერილი, მას არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ ეს ბნელი ჯამახირია გადაარჩინოს. ის ამას ვერ შეძლებს", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

დღეს, თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს საკუთრების აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შედეგადაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.

სასამართლო რუსთავი 2-ზე გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ვერ აამოქმედებს, რადგან გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა.

კომენტარები