სტალინი

ჯაფარიძე - ბერძენიშვილი - დოლიძე: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის განცხადებით

Gogi Topadze
Tabula

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე (ქართული ოცნება), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი (რესპუბლიკელები) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების - ქართული ოცნების, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების - ერთმნიშვნელოვან პოზიციას.

კიდევ ერთხელ მოვიხმობთ საქართველოს კანონში თავისუფლების ქარტია ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, და რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის სურათები.

რა თქმა უნდა, ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველომ და მისი მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამი დეპუტატი სტრასბურგიდან ავრცელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ მაესტროს გადაცემაში - მაესტროს ფაქტორი - თქვა, რომ "სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება საქართველოში მალე, იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე, მალე, ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებად მეოცე საუკუნის. კანდელაკია თუ ვიღაცაა, რა უფლებით ლანძღავს სტალინს. აქ კიდევ გეტყვით, მუსოლინის ძეგლი რატომ დგას იტალიაში? შეიძლება, ძალიან დიდმა ნაწილმა გაიზიაროს ჩემი აზრი. მგონია, რომ ის კაცი იყო სიმბოლო საქართველოსი".

 

კომენტარები