"ასე დადგით რუსთავი 2, რომელიც ხვალ აღარ იქნება", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პარლამენტში, პრესკონფერენციის დაწყების წინ გააკეთა. თოფაძემ რუსთავი 2 ის მიკროფონი ხელში აიღო, ცალკე გადადო და თქვა, რომ რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება. დეპუტატმა დამატებითი განმარტებები არ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ხვალ არის ჩანიშნული რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი. ტელეკომპანია ვარაუდობს, რომ სწორედ ხვალ გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს კიდევ ერთი სასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს აქვს ჩანიშნული. მან რუსთავი 2-ის ადვოკატებს დაავალა, 30 ოქტომბრის პროცესზე წარადგინონ, ზუსტად რა ზარალი მიადგა ტელეკომპანიას ყადაღის გამო.





