რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურაში ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. გვარამიას თქმით, მან პროკურატურას სრული ინფორმაცია მიაწოდა.

"შეკითხვები ეხებოდა ფაქტებს, რომელიც ეთერში მოისმინეთ, ადამიანს, ვინც ამაზე ისაუბრა. მე სრული ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას, მათ შორის ვიდეოჩანაწერები. ახლა გამოძიების საკითხია, თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ წარიმართება. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა იმ გამომძიებლის მიმართ, რომელმაც დამკითხა. აქ კიდევ მეორე საქმეა რუსთავი 2-ის და ჩემი მონაწილეობით, ჩვენი ფარული მიყურადების. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია, გამოძიება ერთი ნაბიჯით არ წასულა წინ. თავისთავად ცხადია, იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი თავი უნდა განსაჯოს ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ეს არ მოხდება, თუმცა მოვა დრო, როდესაც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. ყოველთვის ბადაშვილის არ იქნება ეს უწყება", - აღნიშნა გვარამიამ. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეთავაზებულ სპეციალური დაცვის ღონისძიებებზე უარი განაცხადა. გვარამიას თქმით, ის თავისი ოჯახის ამერიკის შეერთებულ შტატებში გახიზვნას აპირებს. 

"შემომთავაზეს სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი. მე ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან. ვაპირებ მათ გახიზვნას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნამდვილად არ ვგეგმავ, რომ ვისგანაც ყველაზე უფრო დიდი საფრთხე მოდის, ის ავიყვანო დაცვად. ცხადია, ამაზე უარი ვთქვი", - განაცხადა გვარამიამ. 

რუსთავი ორის გენერალურ დირექტორს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში კითხავდნენ.

კომენტარები