რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მორიგი შუამდგომლობა დააყენეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი დოლარი. ადვოკატების თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღებით მიიღო.

ადვოკატებს კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ დაყენებული. ისინი მტკიცებულებებიდან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ დასკვნა ყალბი დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი.

მანამდე, თამაზ ურთმელიძემ ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც მესამე პირად უცხოური კომპანიების ჩართვას ითვალისწინებდა.

მოსამართლემ არც საქმიდან აიცილა თავი. ტელეკომპანიის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა უკვე მეოთხედ დააყენეს. მათი განცხადებით, კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც თამაზ ურთმელიძის საქმიდან თავი უნდა აეცილებინა, თელასის საქმეა, სადაც, მათი თქმით, ურთმელიძე კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს.

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იურისტების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზეც არ დააკმაყოფილა. ადვოკატები პროცესის გადადებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

ამასთან, მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება.

რუსთავი ორის ინფორმაციით, დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და აღსრულების ფურცელსაც გამოწერს. ამასთან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.

კომენტარები