ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებას სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ოფისი ავრცელებს.
"როგორც ცნობილია მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის."-წერია უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.





