აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა კირბიმ.
მოგვიანებით, დეპარტამენტმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ვაშინგტონში ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც რუსთავი 2 წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, შეერთებული შტატების მთავრობა ხშირად აქებდა საქართველოს გახსნილ მედიასივრცეს, რომელიც საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც რეგიონში სამაგალითო.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩანს, როგორც მედიასივრცის შეზღუდვა და მედიაპლურალიზმის საფრთხის ქვეშ დაყენება. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის, თბილისში ელჩ იან კელის მეშვეობით, რომელმაც ძალიან გარკვევით ისაუბრა ამ თემაზე. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების თავისუფლების დაცვა, რომელიც დამოკიდებულია თავისუფალ და შეუზღუდავ წვდომაზე მედიასთან.
იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, რთული იყოს ოპოზიციური მედიისგან კრიტიკის მოსმენა, ყველა მთავრობამ უნდა წაახალისოს ხმათა პლურალიზმი და მისცეს კონკურენციის საშუალება ამ ხმებს, აზრთა თავისუფალი გამოხატვის პირობებში“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.





