აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ტაბულა გმობს მისი დირექტორის, გენერალური პროდიუსერისა და სტუდენტის დაკავებას

ტაბულა

ტაბულა გმობს მისი დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის, გენერალური პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების დევნის კიდევ ერთი, ნათელი დადასტურება. აბსოლუტურად ცხადია, რომ ხელისუფლების ეს უკანონო გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, გამოხატვის თავისუფლების უხეში ხელყოფით, ჩაახშოს მის მიმართ არსებული კრიტიკული აზრი.

შეგახსენებთ, რომ დაკავება მოჰყვა გაზპრომის შემოსვლასთან დაკავშირებული საპროტესტო პლაკატების გაკვრას. სხვადასხვა სტუდენტურმა ორგანიზაციებმა დაიწყეს პერმანენტული კამპანია ხელისუფლების, როგორც თავად უწოდებენ, ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ კამპანიის ფარგლებში მათ ჰქონდათ პერფორმანსი მთავრობის კანცელარიის შენობასთან. პოსტერები გაიკრა საქართველოს არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის სახლთან და მერიის მიერ პლაკატებისთვის საგანგებოდ გამოყოფილ სხვა ადგილებზე. დაკავებულები გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერებს სპეციალურად გამოყოფილ სარეკლამო ადგილას აკრავდნენ. ერთ-ერთი სტუდენტის, სალომე ხვადაგიანის დაკავების შემდეგ ადგილზე მივიდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანი, რომლებიც პოლიციამ ასევე დააკავა.

ტაბულა მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივით დაკავებულები, შეწყვიტოს მედიის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა და დაიცვას პოლიტიკური პროტესტის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება.

 

კომენტარები